საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხანუქას დღესასწაული სინაგოგაში, ებრაელებთან ერთად აღნიშნა. ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარემ პირველი სანთელი აანთო და სინაგოგაში შეკრებილ მომლოცველებს სიტყვითაც მიმართა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ხანუქას დღესასწაული. ეს უძველესი დღესასწაული არის სიმბოლო სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების. ხანუქას დღესასწაული არის დღე, რომელიც ებრაელ ხალხს აერთიანებს. მე ვუერთდები დღევანდელ დღეს, დღევადნელ სიხარულს, რომელიც თქვენშია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს განსაკუთრებული ძმობა და მეგობრობა აქვს, რა გზასაც საქართველოს მოქმედი მთავრობაც აგრძელებს.
"ქართველ და ებრაელ ხალხს აქვს განსაკუთრებული ძმობა. ჩვენ გვაქვს 26-საუკუნოვანი მეგობრობა – ეს მართლაც გამორჩეული ურთიერთობაა მთელ მსოფლიოში. მინდა ასევე გავიხსენო, რომ 26-საუკუნოვანი იუბილის ეს განსაკუთრებული თარიღი წელს საზეიმოდ აღვნიშნეთ, რაც დაგვირგვინდა ებრაული მუზეუმის გახსნით. ეს მუზეუმი ებრაელი ხალხის გამორჩეული და ერთგული მეგობრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსდა. ასევე, ყველა სინაგოგა საქართველოში გარემონტდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. მისი დამსახურებაა ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა და 26-საუკუნოვანი ძმობა განსაკუთრებით განმტკიცდა. გარწმუნებთ, ჩვენი მთავრობა ამ გზას და პოლიტიკას გააგრძელებს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვექნება ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.