"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ინტერვიუს ლატვიელ ევროპარლამენტართან, "სოციალ-დემოკრატების" პარტიის წევრთან ანდრეს მამიკინსთან.
ლატვიელი ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის 29% ევროკავშირზე მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ საქართველოს თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება.
"ეს გადაწყვეტილება ასევე ძალიან სიმბოლურია საქართველოს საბჭოური ერიდან ევროკავშირისკენ გარდაქმნის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ამას მოჰყვება თავისუფალი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და ადრე თუ გვიან, ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს დრო მართლმსაჯულების რეფორმების გასაგრძელებლად. მისივე განცხადებით, ბევრი პოლიტიკოსი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. "შერჩევითი სამართლისთვის".
"ქართული პოლიცია აღარ არის ისეთი კორუმპირებული, როგორც ეს 15 წლის წინ იყო. სინამდვილეში საქართველო სხვების მსგავსი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოა, სადაც ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი დაირწა", - აღნიშნავს ლატვიელი ევროპარლამენტარი.
ანდრეს მამიკინსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან. მისივე განმარტებით, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები დაიწყება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ბევრი ადამიანი შეინარჩუნებს ქართულ პასპორტებს და დაუბრუნდებიან ქართულ საკონსტიტუციო სივრცეს.
"სექტემბერში საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ უკანონო საზღვარზე ვიყავი, სადაც მოხუც მამაკაცს შევხვდი, რომელიც ტიროდა, რადგან ცხინვალის მხარეს უწევდა ცხოვრება და ვერ კვეთდა საზღვარს, რომ თავისი შვილი ენახა. ქართველები აფხაზებსა და ოსებს საკუთარ ძმებად მიიჩნევენ. ხალხს შორის ომი არ არის, ეს არის ომი პოლიტიკოსებს შორის. ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება და ევროკავშირს შეუძლია ამაში, დახმარება", - აღნიშნა ანდრეს მამიკინსმა.
ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს მოახდენს.