თუკი ვინმეს სურს რამდენიმე თანამდებობის პირი პოსტიდან გადააყენოს, შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ გადადგომები თავად "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან ინიცირებული არ იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის მხრიდან დავით ონოფრიშვილთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს აბარებენ.
"თავისუფალი დემოკრატების" აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი, რომელიც იკავებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს თუ სხვა თანამდებობას საქართველოს პარლამენტში, არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმით აღჭურვილი ადამიანი და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. რაც შეეხება, უშუალოდ დავით ონოფრიშვილს, მე ძნელად მოვძებნი ადამიანს, რომელიც უფრო კომპეტენტური და კვალიფიციურია საბიუჯეტო პროცესებში და არა მხოლოდ პარლამენტში, ასევე მის გარეთაც. მესმის, რომ ვიღაცისთვის შეიძლება გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კომიტეტის თავმჯდომარე იყოს. თუ გადავხედავთ ევროპულ პრაქტიკას, არის სახელმწიფოები, სადაც პარლამენტის რეგლამენტით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სწორედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. არის ქვეყნები, სადაც ეს რეგლამენტით დადგენილი არ არის, მაგრამ ამ პოზიციას სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები იკავებენ. ყველა ინფორმაცია, რასაც დავით ონოფრიშვილი ავრცელებს, შეესაბამება სიმართლეს და მისი პოზიცია შეუვალი იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ჩიქოვანმა.
თავად დავით ონოფრიშვილი განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს. მისი საგანგებო განცხადება მედიისთვის პარლამენტში 16.00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.
"ჩემთვის ცოტა გაუგებარი ვითარებაა – შეიძლება, გარემოს დაცვის კომიტეტის ან რომელიმე სხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე ოპოზიციონერი, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ვყოფილვარ ოპოზიცია. ეს ჩვენი სისუსტეა", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.