მიხეილ ძაძამიას პატიმრობიდან გათავისუფლება პროკურატურის ბრალი ნაკლებად არის და ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერის , ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ განუცხადა.
ჟვანია აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიებაზე შეფასებას მისი დასრულების შემდეგ გააკეთებს.
"დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, შეფასებები მერე შეიძლება გავაკეთოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ გამოძიების პროცესი დასრულებული არ არის. ის, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდა მიხეილ ძაძამია, პროკურატურის ბრალი ნაკლებად არის, რამდენადაც ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დაცვის მხარემ მოითხოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ეს პროცესი გაჭიანურებულია, წინასწარი პატიმრობის ვადა ამოწურულია და ძაძამია გათავისუფლდა. არის პატარ-პატარა ხრიკები კანონმდებლობაში. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ამ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით, ამ ხრიკებს ბუნებრივია, გამოიყენებენ, მაგრამ ეს ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
კითხვაზე, არის თუ არა მიმდინარე გამოძიების შედეგებით კმაყოფილი, გოგლა ჟვანიამ აღნიშნა - "კმაყოფილი ვიქნები, როდესაც გამოძიება დასრულდება თუ შეიძლება საერთოდ ამ ვითარებაში კმაყოფილებაზე საუბარი".
ამასთან, "ინტერპრესნიუსის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას ექსჰუმაციის საჭიროებას, გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ "რაც გამოძიებისთვის საჭირო იქნება, ყველა ღონისძიება ჩატარდება".
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვების რაოდენობამ წლის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებმა ეჭვი არ გააჩინოს, მნიშვნელოვანია, ყველა საგამოძოებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის - ექსჰუმაცია. სახალხო დამცველის თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს ამ საქმეზე ბრალდებულ ძაძამიასთან დაკავშირებითაც, რომელიც ორი დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.