„ვფიქრობ 1-2 წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება“

„ვფიქრობ 1-2 წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება“

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ახლა მთავარია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც ODIHR-მა გასცა, სასამართლოს შიგნით რეფორმირებას მოემსახუროს.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განუცხადა.

წულუკიანის თქმით, დღეს იყო იმ ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ყოფილმა და ამჟამინდელმა მინისტრებმა და რაც მთავარია, სამინისტროს აპარატმა განახორციელა იმისთვის, რომ ყველა სამინისტროს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, ჰქონოდათ შესაძლებლობა საქართველო პროგრესის გზაზე ეტარებინათ, ხელი მოეწერათ ასოცირების შეთანხმებისთვის, წარმატებით დაეხურათ ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა, ასევე წარმატებით მიეღოთ მეორე ფაზის შეფასების მისია.

„რეალურად პროგრესი არის ხელშესახები. ახლა მთავარია, რომ ეს პროგრესი თითოეულმა ქართველმა საკუთარ თავზე იგრძნოს და ეს ძალიან მალე უკვე შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება სამომავლო პროცესებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება და მოსამართლე თავისი ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი იყოს, რომ ის აღქმაც კი არ არსებობდეს, რომელიც შეიძლება ხანდახან რომელიმე პროცესს ჩრდილს აყენებდეს.

„რეფორმები განხორციელებულია საკანონმდებლო დონეზე. როგორც ODIHR-ის დასკვნა აჩვენებს, ახლა მთავარია, რომ რეკომენდაციები, რომელიც გაიცა, უკვე სასამართლოს შიგნით რეფორმირებას მოემსახუროს. მე ვფიქრობ, 1-2 წელიწადში ჩვენ უკვე გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არანაირი კითხის ნიშნები არც ერთი სისხლის სამართლის პროცესის მიმართ აღარ იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.