ჩემთვის მთავარია, სასამართლოში გაცხადდეს სიმართლე

ჩემთვის მთავარია, სასამართლოში გაცხადდეს სიმართლე

ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა აგრძელებს,  იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, მაგრამ ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული, - ასე გამოეხმურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებას ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით.

"ჩემთვის მთავარია, ადვოკატებს რადგან მიეცათ სამუშაო,  უკვე სასამართლოში გაცხადდეს სიმართლე. ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა აგრძელებს, იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, მაგრამ ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და მე დარწმუნებული ვარ, რომ სრული სიცხადე შევა ყველა საქმეში და ეს უდანაშაულო ბიჭები დატოვებენ საპყრობილეს, ხოლო ის ვინც პოლიტიკური დაკვეთა მისცა და შემდეგ შეასრულა, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე დემაგოგიას უწოდებს, გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების განცხადებებს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითაც პასუხისგებაში მიცემული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება.

"არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ამას სასამართლო გაარკვევს, რომელიც აუცილებლად ჩატარდება. პროკურატურა ყველა მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში. ადვოკატების განცხადებები კი დემაგოგია და სპეკულაციაა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს მასალები გადაეცათ. პროკურატურის მასალების გაცნობის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობაზე მიუთითებს. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალი თანამდებობის პირი 28 ოქტომბერს დააკავეს, მათ ბრალად 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავებიან.