ეს პირადად პრემიერის და მთავრობის კრიზისია

ეს პირადად პრემიერის და მთავრობის კრიზისია

სახელისუფლებო კრიზისი სახეზეა და ეს დასტურდება იმითაც, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბევრმა თანამდებობის პირმა სამსახური გაურკვეველი მიზეზებით დატოვა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია ფანჯიკიძე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მთავრობის უფრო მაღალი თანამდებობის წევრების გადადგომას არ გამორიცხავს.

"ამან შესაძლოა უფრო მეტი ცვლილება გამოიწვიოს მთავრობაში. არის ექსპერტების მოსაზრებები, რომ შესაძლოა პრემიერის გადადგომაც გამოიწვიოს ამ კრიზისმა, გამორიცხვა არ შეიძლება არაფრის და მგონია, ამ იდეის მოსურნეებს ბოლო კვირის ფაქტები უმტკიცებს ვარაუდს. 7 თუ 8 მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა სამსახური ერთ კვირაში. არც ერთი არაა მინისტრი, თუმცა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რაც მთავარია, როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ღარიბაშვილის ძირითადი დასაყრდენი ძალაა. პრემიერს ეს ძალა გამოაცალეს. ამის უკან ბიძინა ივანიშვილია და ამაზე ღიად საუბრობენ. ჩემი აზრით, ცვლილებები გამოიწვია ნათესაურ-კლანური ჯაჭვის წინააღმდეგ ქმედებებმა. ეს პირადად პრემიერის და მთავრობის კრიზისია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძე მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს კიდევ ერთ ფაქტორს, ლარის კურსის ინფლაციას და მთავრობის ცუდ მენეჯმენტს უკავშირებს.