პრეზიდენტმა კონფერენცია „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად

პრეზიდენტმა კონფერენცია „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება პოლიტიკურ პროცესებში ქალბატონების როლზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში ქალების მიმართ შეინიშნება.

"მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ის პრობლემატიკა, რაზეც დღეს შევიკრიბეთ, ბევრი ფაქტორისგან გამომდინარე პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ სახარბიელო არ არის მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა; ნამადვილად ვართ თანამედროვე და სოციალური პროცესების ქვეყანა, ნამდვილად ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 115-ე ადგილი გიკავია, ნათლად ჩანს, რომ ამ მხრივ, ძალიან უკან ვართ და ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არა მხოლოდ ამ შედეგის გამოსწორების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული განვითარების მხრივაც. ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, რეალურად, ეს ქვეყნის ეფექტიანი განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების წინაპირობაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის წელს კიდევ უფრო ნათელი გახდა, ეს არის ძალადობა, რომელიც შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ვიხილეთ ტრაგედიები, რომლებიც ყველას გვაშფოთებს. მთელი საზოგადოება ფიქრობს პასუხზე, არა მხოლოდ მიზეზებზე, არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც - რა არის ჩვენში ისეთი, რაც ასე გვაჩვენებს ჩვენსავე თავს უარყოფითი მხრიდან. რა არის ის, რის გამოც საზოგადოება ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც ასე ძალადობს ფიზიკურად უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. ერთ-ერთი პასუხი ამ პრობლემასთან მიმართებაში არის პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პროცესების ამ მიმართულებით გაღრმავებასთან დაკავშირებით. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ჩვენი შეხვედრები მიგვიყვანს ისეთ სისტემამდე, რომელიც არა უბრალოდ ხელს შეუშლის ქალების პოლიტიკაში მონაწილებას, არამედ წინ წაწევს ამ პროცესს, გარკვეული საკანონმდებლო ფორმით, თუ სხვა ტიპის ინიციატივით და რეალურად მომავალში მივიღებთ ქალების ბევრად შთამბეჭდავ მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური სტრუქტურების დონეზე. საქართველოში ქალები მოსახლეობის 53 პროცენტს წარმოადგენენ, ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ამომრჩეველია. მგონია, რომ ეს პოლიტიკოსებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან ქალბატონებს აქვთ სერიოზული გავლენა საკუთარი ოჯახის წევრებზე და ამას გარდა, თავადაც კარგად ერკვევიან პოლიტიკურ საკითხებში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა NDI-ის მადლობა გადაუხადა ქალთა მხარდამჭერი კონფერენციების ორგანიზებისა და პროგრამების ხელშეწყობისთვის და, თავის მხრივ, მზაყოფნა გამოთქვა პოლიტიკაში ქალთა გააქტიურების თვალსაზრისით პროცესებში ჩაერთოს.

NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ქალბატონები პოლიტიკური პარტიებიდან და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა მარტინა ქუიქმა.