კუბლაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებული შეხვედრა გახსნა

კუბლაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებული შეხვედრა გახსნა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებული შეხვედრა გახსნა.

ღონისძიება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები, მოწვეული პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გააცნო.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების საკითხზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, თემა ყველა მოსამართლისთვის საინტერესო და აქტუალურია. კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მოსამართლეთა სამწლიანი დანიშვნის წესი.

"ასეთ შეხვედრებზე შეგვიძლია შევიმუშავოთ ერთიანი პოზიცია თუ რა კუთხით შეიძლება შეიცვალოს არსებული წესი, რათა მოსამართლეთათვის საფრთხე მოვხსნათ და სამართლებრივად კანონმდებლობაში ავსახოთ ის, რაც ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ორგანულ კანონში ჯერ კიდევ დევს ვალდებულება, რომ მოსამართლეები სამი წლით დაინიშნონ, არადა ყველა გრძნობს და ყველა ხვდება, რომ სასაცილო ფორმებს იღებს ეს ყველაფერი, როდესაც 20 წლის გამოცდილების მქონე მოსამართლე თურმე შეიძლება სამი წლით დავნიშნოთ და მერე შევამოწმოთ როგორ მუშაობს. საუბარია როგორ შევცვალოთ და გავამუჯობესოთ ძალიან დიდი ხარვეზის მქონე ჩვენი კანონმდებლობა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო პოზიციების შეჯერება მოხერხდება.