ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავდადება გამოიჩინეს

ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავდადება გამოიჩინეს

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, რენო სალენსმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ქართული ასეულის გაცილების ცერემონიალზე, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა, როტაციის წესით, ევროკავშირის მისიაში მყოფ ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმ ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც მისიაში უკვე იმყოფებიან, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავდადება გამოიჩინეს და თავდაუზოგაობა და ნიჭიერება წარმოაჩინეს.

რენო სალენსის განცხადებით, ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხელი შეუწყვეს სტაბილურობას.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწეულ თავდადებას, რომელსაც უკვე მეორედ იჩენენ ევროკავშირის მიერ წარმოებულ მისიაში, რაც თავის მხრივ ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით გაწეულ ნებისმიერი თავდადება და კონტრიბუცია არა მარტო დასაფასებელია, არამედ უმნიშვნელოვანესია. ვიცი, რომ მსგავს ოპერაციებში მონაწილეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივი საქმეა. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ ვესაუბრე პრემიერს, მაგრამ, როგორც ამ მისიის წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი, ძალიან დიდ მადლობას გამოვხატავ თქვენს მიმართ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა თავდადება გამოიჩინეს და წარმოაჩინეს ნიჭიერება, მათ ხელი შეუწყვეს სტაბილურობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საჭირო იქნება ქართველების ძალისხმევა კიდევ სამი თვე, სანამ სრულად მოხდება გაერთიანებული ერებისთვის მმართველობის გადაცემა", - განაცხადა რენო სალენსმა.

ვაზიანის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.