კონსტანტინე კუბლაშვილი - თეა წულუკიანის განცხადების სერიოზული შეფასება ნამდვილად რთულია

კონსტანტინე კუბლაშვილი - თეა წულუკიანის განცხადების სერიოზული შეფასება ნამდვილად რთულია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გუშინდელი განცხადების სერიოზული შეფასება რთულია. 

ჟურნალისტებმა კონსტანტინე კუბლაშვილს იუსტიციის მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელიც წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით გააკეთა. 

"ამ განცხადების სერიოზული შეფასება ნამდვილად რთულია", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

თეა წულუკიანის განმარტებით, კოტე კუბლაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს აღიარება, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ კოტე კუბლაშვილი აგრძელებს ჩემი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდია, რომ არსებული პრობლემების და ხარვეზების აღიარება არ ხდება, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს ალბათ მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 6 დეკემბერს განაცხადა, თეა წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა. 

მისივე თქმით, თეა წულუკიანი აბსოლუტურად სხვანაირად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას.

"როგორც კი წულუკიანი მინისტრად მოვიდა, მაშინვე მიანიშნებდა, რომ ის ცდილობდა მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას", - განაცხადა კუბლაშვილმა.