ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე

ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე

საქართველოს პოლიტიკური პროცესებში ქალთა მონაწილეობა არ გამოიყურება სახარბიელოდ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში", NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პრობლემა პირადად მისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

"მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ის პრობლემატიკა, რაზეც დღეს შევიკრიბეთ, პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ბევრი ფაქტორისგან. არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ გამოიყურება სახარბიელოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა. ნამადვილად ვართ თანამედროვე და სოციალური პროცესების ქვეყანა, ნამდვილად ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია, ამავე დროს ნათლად ჩანს, რომ სტატისტიკური მონაცემებით ვართ ძალიან უკან, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 115-ე ადგილი გიკავია, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არა მხოლოდ ამ შედეგის გამოსწორების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეფექტური და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც. ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის რეალურად ქვეყნის ეფექტური განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების წინაპირობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ვიხილეთ ტრაგედიები, რომელიც ჩვენ ყველას გვაშფოთებს. მთელი საზოგადოება ფიქრობს პასუხზე, არა მხოლოდ მიზეზებზე, არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც - რა არის ჩვენში ისეთი, რაც ასე გვანახებს ჩვენივე თავს უარყოფითი მხრიდან. რა არის ის, რის გამოც ჩვენ აღმოვჩნდით საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს ფიზიკურად უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. ერთ-ერთი პასუხი ამ პრობლემასთან მიმართებაში არის სწორე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პროცესების ამ მიმართულებით გაღრმავებასთან დაკავშირებით. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ჩვენი შეხვედრები მიგვიყვანს ისეთ სისტემამდე, რომელიც არა უბრალოდ ხელს შეუშლის ქალების პოლიტიკაში მონაწილებას, არამედ წინ წაწევს ამ პროცესს, გარკვეული საკანონდებო ფორმით, თუ სხვა ტიპის ინიციატივით და რეალურად მივიღებთ ქალების ბევრად შთამბეჭდავ მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალურ სტრუტურების დონეზე. საქართველოში ქალები 53% შეადგენენ, ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო ამომრჩეველია. მგონია, რომ ეს პოლიტიკოსებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან ქალებს აქვთ სერიოზული გავლენა თავიანთი ოჯახის წევრებზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.