ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გააძლიერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გააძლიერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვა გააძლიერა. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სენატის იმ ანგარიშთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც დღეს გამოქვეყნდება. 

არსებული ინფორმაციით, სენატის ანგარიშში აღნიშნული იქნება აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას აკრძალული მეთოდების გამოყენების შესახებ. 
"ბიბისის" ცნობით, სენატის ანგარიშს, რომელიც 6 ათასი გვერდისგან შედგება, სავარაუდოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვება ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ "ალ ქაიდას" წევრების დაკითხვისას წამების მეთოდების გამოყენებისთვის. 

"დოკუმენტის გამოქვეყნებამ შესაძლოა, საფრთხე გაზარდოს მსოფლიოში ამერიკული დაწესებულებებისა და ამერიკის მოქალაქეებისთვის. ამიტომ ადმინისტრაციამ გაძლიერებული ზომები მიიღო მათი უსაფრთხოების დაცვისთვის", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნსტმა. 

მისივე თქმით, ამავდროულად თეთრი სახლი მხარს უჭერს მსგავსი ანგარიშის გამოქვეყნებას, პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობიდან გამომდინარე. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვისას აკრძალული მეთოდების გამოყენება იმ საიდუმლო პროგრამის მეთოდი იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას შემოიღეს. პროგრამა 2009 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაჩერა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლები დაკავებულებს პოლონეთში, რუმინეთში, ტაილანდში, ავღანეთში, აგრეთვე გუანტანამოს ციხეში აწამებდნენ.