სასამართლომ გენერალ გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ გენერალ გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი კალანდაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისაგან მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გენერალ კალანდაძის საჩივარში მოყვანილი ფაქტები არ გაიზიარა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო იგი არ დააკმაყოფილა. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, 2013 წლის 27 დეკემბერს გიორგი კალანდაძის სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გენერალი კალანდაძე მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა სატელევიზიო გამოსვლაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას, გენერალური შტაბის უფროსის შესახებ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე მხარე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, აგრეთვე, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" მე-8 მუხლის მე-6 ნაწილისა და 413-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე თეა წულუკიანის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ გენერალი კალანდაძე იყო არა კერძო, არამედ საჯარო პირი, ხოლო სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა დადასტურებულ ფაქტებს, არამედ "გადამოწმებულ მოსაზრებებს", ნივთმტკიცების წარდგენა კი სასამართლოში არ მომხდარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.