ირაკლი შოთაძე - გამოძიების მასალები კიწმარიშვილების ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე არ გასაჯაროვდება

ირაკლი შოთაძე - გამოძიების მასალები კიწმარიშვილების ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე არ გასაჯაროვდება

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კონსულტაციის გარეშე საგამოძიებო მასალები არ გასაჯაროვდება, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურისთვის დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაცია პრიორიტეტია. 
"საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ვფიქრობ, პროკურატურა უახლოეს მომავალში მზად იქნება,  საზოგადოებას გააცნოს საგამოძიებო შედეგები.

გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიების მასალების გასაჯაროვება მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება, ვინაიდან დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტი პროკურატურისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მისივე თქმით, პროკურატურა მზად არის ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეზე შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და ამ მხრივ არ კიწმარიშვილის ოჯახია გამონაკლისი. 

თბილისის პროკურორმა  მიხეილ შაყულაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე უახლოეს ხანში გასაჯაროვდება.   ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა კი აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო.