საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ვაკანტურ ადგილზე მერაბ ტურავა, სავარაუდოდ, ერთადერთი კანდიდატურა არ იქნება. 

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის , დავით უსუფაშვილმა კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ იმ ნორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს როგორც საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს და თავად პარლამენტის თავმჯდომარეს.

უსუფაშვილმა კოლეგებს "ჯენლტმენური" შეთანხმება შესთავაზა, რომ თუკი სხვა კანდიდატურის წარდგენაც იგეგმება, ეს საკითხის კომიტეტში გატანამდე მოხდეს, რათა პროცესი არ შეფერხდეს. 
"შემოსულია ერთი კანდიდატურა ერთი კონკრეტული ფრაქციის მხრიდან. ამ ფრაქციის გარდა, უფლებამოსილი სუბიექტი ბევრია. ეს ბევრი ერთმანეთს ელოდა წელიწადზე მეტია, მაგრამ ახლა ფრაქციამ ხაზი გახსნა - ერთი ექსკლუზიური "გასაღები" ჰქონდა და გადაატრიალა. ასეთ შემთხვევაში, იქნებ შევჯერდეთ ჯენლტმენურად, რომ თუ ვინმე სხვა კანდიდატის შეთავაზებას ფიქრობს, ეს საკითხის კომიტეტში განხილვამდე მოხდეს, რათა პროცესი არ შეფერხდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს იმ პროცედურების დაზუსტება სთხოვა, როცა რამდენიმე კანდიდატურაა დასახელებული. 

წელიწადზე მეტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ერთი ადგილი ვაკანტურია, რითაც პარლამენტის მიერ ირღვევა კანონი და კონსტიტუცია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამს პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სწორედ პარლამენტის კვოტით იყო არჩეული მოსამართლე ვახტანგ გვარამია, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრეში ამოეწურა. პარლამენტი კანონის გათვალისწინებით, ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ან ამოწურვიდან მაქსიმუმ ათ დღეში აერჩია, რაც არ მომხდარა და ერთი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე ვაკანტურად რჩება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის საკითხი შეფერხდა არა ტექნიკური მიზეზებით, არამედ იმის გამო, რომ უმრავლესობა კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, თავის დროზე აღნიშნულ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერთა შორის იყო კონსულტაციები, კონკრეტული კანდიდატურებიც დასახელდა, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ვისთვის დაეჭირათ მხარი.

დღეს პარლამენტს ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მერაბ ტურავას კანდიდატურა წარედგინა. მოსამართლის დასამტკიცებლად სულ მცირე 76 ხმაა საჭირო.