გიგა ბოკერია - მთავრობამ ყველა პარტნიორთან უნდა იმუშაოს, რომ ჟენევის ფორმატი რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი იყოს

გიგა ბოკერია - მთავრობამ ყველა პარტნიორთან უნდა იმუშაოს, რომ ჟენევის ფორმატი რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი იყოს

ჩვენმა მთავრობამ უნდა იმუშავოს ყველა პარტნიორთან, რომ ჟენევის ფორმატი ზეწოლის ინსტრუმენტი იყოს რუსეთის ფედერაციაზე და არა პირიქით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. 

"საქართვველოსთვის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით. მაგრამ, არც ერთი კარგი ფორმატი არ არის არაფრის მომტანი თუ მთავრობა არ არის მოწადინებული, არ არის ფორმაში და არ აქვს ხედვა როგორ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც აღმოვჩნდით დარტყმის ქვეშ და თავდაცვით პოზიციაში ჟენევის ფორმატის შიგნით. ჩვენი მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რომ იმუშავოს დედაქალაქებში, ყველა პარტნიორთან, რათა ჟენევის ფორმატი იყოს ზეწოლის ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციაზე და არა პირიქით. დღის წესრიგში ის კი არ უნდა იდგეს, რომ საქართველო ვითომ რაღაც დოკუმენტს ბლოკავს, რომელიც თანათავმჯდომარეებმა მოამზადეს, პირიქით, რუსეთი უნდა იყოს წნეხის ქვეშ, რაც არის ნაწილი გრძელვადიანი სტრატეგიის და საბოლოო ჯამში, უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით", - განაცხადა ბოკერიამ. 

9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.