თედო ჯაფარიძე - ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული

თედო ჯაფარიძე - ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელის თედო ჯაფარიძის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. 

ჯაფარიძემ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციის მხრიდან ახალი წინადადებებისა და იდეების დაფიქსირება. 

"მე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი პირადი კრიტიკული მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუკი ჟენევის შეხვედრაზე ჩვენ არამარტო დავაფიქსირებთ ჩვენს მონაწილეობას, არამედ შევთავაზებთ რაღაც ახალს, ახალ იდეას, ახალ წინადადებას. ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ჩემს ამ მოსაზრებას ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა კრეატიული უწოდა, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ კარგია და მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, მაგრამ ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. რეალობა არის ის, რომ რუსეთმა ახლა უკვე ხელი მოაწერა აფხაზეთთან შეთანხმებას, ვამბობთ, რომ გამორიცხული არ არის იგივე განმეორდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ამიტომ, ამ მოვლენებზე მხოლოდ რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ, საჭიროა გარკვეული წინმსწრები ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი. 

როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, ვიდრე დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების ან ფორმატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, მნიშვნელოვანია, თუკი მიბრძანდება პარლამენტში და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებთან მსჯელობას გამართავს.