უელსის სამიტზე ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული არსებითი პაკეტის ინიციატორი სწორედ გერმანია იყო, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ვალტერ შტაინმაიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით შტაინმაიერი გამოეხმაურა კითხვას, რომლის მიხედვითაც გერმანიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსერვატიული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით. როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ის ვარაუდი არ არის გამართლებული, თითქოს გერმანიის მიდგომა არის კონსერვატიული.
"გერმანიის მთავრობა უპირობოდ ემხრობა ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას და უელსის სამიტის შემდეგაც მხოლოდ წინ წავიდა პროცესი. ეს განსაკუთრებული პაკეტი, რაც საქართველომ მიიღო, სწორედ გერმანიამ წამოწია. სწორედ გერმანია იყო ინიციატორი. მე ვფიქრობ, პოლიტიკურად ყველაფერი ლოგიკურად მიდის. მე ვერ ვგრძნობ, რომ პროცესი ერთგვარად კონსერვატიულია", - აღნიშნა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.