პარლამენტი სხვა ქვეყნის არაკანონიერ სამხედრო ფორმირებებში მყოფ ქართველებზე კანონის მიღებას გეგმავს

პარლამენტი სხვა ქვეყნის არაკანონიერ სამხედრო ფორმირებებში მყოფ ქართველებზე კანონის მიღებას გეგმავს

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კანონის მიღება პრევენციული ხასიათის იქნება და მისი განხილვა უახლოეს მომავალში განხორციელდება.

საკანონმდებლო ინიციატივაზე სესიაშვილმა სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.

"ჩვენ უახლოეს ხანებში დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რაც ჩვენი მხრიდან პრევენციული ნაწილი იქნება. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცდნენ, რომ თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არაკანონიერ სამხედრო ფორმირებებში, ტერორისტულ ან სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ წინააღმდეგ ქვეყანა შესაბამის ზომებს გაატარებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

სირიაში პანკისელი ახალგაზრდი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ზელიმხან ცათიაშვილი ქალაქ კობანიში წუხელ მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა.