საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას კანდიდატურაა წარდგენილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას კანდიდატურაა წარდგენილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მერაბ ტურავას კანდიდატურაა წარდგენილი. ტურავას კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შევიდა. მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.

მერაბ ტურავა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. ის უზენაესი სასამართლოდან წლების წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაითხოვეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამს პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სწორედ პარლამენტის კვოტით იყო არჩეული მოსამართლე ვახტანგ გვარამია, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრეში ამოეწურა. პარლამენტი კანონის გათვალისწინებით, ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ან ამოწურვიდან მაქსიმუმ ათ დღეში აერჩია, რაც არ მომხდარა და ერთი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე ვაკანტურად რჩება. კანდიდატურის წარდგენის გაჭიანურების მიზეზად მმართველი გუნდის  შეუთანხმებლობას ასახელებდნენ.