ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის აქტიური ფაზა 2015 წლის იანვრიდან დაიწყება.
სააგენტოს 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის სხვა წევრები, პარლამენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
"ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა როგორც მედიისათვის, ასევე მომხმარებლებისთვის დიდი სარგებელია. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე აქამდე. სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების ნაწილი დასრულებულია, შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს იმპლემენტაციის ნაწილი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ქუბინიძემ აღნიშნა, რომ უკვე გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანია, ასევე დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის ე.წ. "სეთ-თოფ ბოქსების" შესყიდვის პროცესი და საინფორმაციო კამპანიის დაწყებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
"მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩვენს გვერდით ევროპის რეკონტრუქციიასა და განვითარების ბანკის კონსულტანტები არიან. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა უხარისხო პროდუქციის მიღების რისკები და განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვა", - განაცხადა ქუბინიძემ
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან საქართველო მაუწყებლობის ახალ, ციფრულ ფორმატზე გადადის. პროექტის განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. დღეს არსებულ ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით ციფრულ ფორმატში მაუწყებლობას არაერთი უპირატესობა აქვს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ინვესტიციების მოზიდვას, მედიაპლურალიზმსა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო პროგრამა.
პროექტის განსახორციელებლად მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების სუბსიდირებაა. ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, მთავრობა ციფრული სიგნალის მიმღებ ინდივიდუალურ მოწყობილობებს შეისყიდის და "საქართველოს ფოსტის" რაიონულ სერვისცენტრებში გადაანაწილებს. შშმ პირებისთვის კი სახელმწიფო კუთვნილი აპარატურის საცხოვრებელ ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, რეფორმის პროცესში გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების ინტერესები - მომზადებულია მრავალენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თითოეულ ოჯახს გადაეცემა. საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობა 2015 წლის 17 ივნისს გაითიშება.