თუ მთავრობა გადასახადების გაზრდით

თუ მთავრობა გადასახადების გაზრდით "ხუდონჰესის" დაფინანსებას აპირებს, ეს ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფოს მხრიდან "ხუდონჰესის" აშენებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალსტებს განუცხადა, მის აშენებას სჭირდება 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი, რისი საშუალებაც სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს.

"ჩვენი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია, რომ "ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს. მის აშენებას სჭირდება 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არის. ეს არის საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი. ეს ფული სახელმწიფოს ბიუჯეტში არ არის და მე არ ვიცი წყარო საიდანაც ამ მთავრობას შეუძლია ამხელა ფული ბიუჯეტში გააჩინოს. თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებით არსებობდა ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მოძიებული იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ამ პროცესის მენეჯმენტი ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ეფექტურად და ეს ინვესტორი, როგორც ჩანს, დაიკარგა.

კერძო კომპანიის ნაცვლად, "ხუდონჰესი" შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხუდონჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "ხუდონჰესის" პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ ინდურ კომპანია "ტრანსელექტრიკასთან". ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი", - განაცხადა კალაძემ.