უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე დაინიშნოს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე დაინიშნოს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე დაინიშნოს.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, იგორ ბონდარჩუკის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მინისტრთა კაბინეტი კიდევ ერთი საერთაშორისო ექსპერტის, იურისტის მოწვევას გეგმავს, რომელიც ან საქართველოს მოქალაქე იქნება ან - ლიტვის.

"უახლოეს ხანებში მოწვეული იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთაც სამართლებრივი სახელმწიფოს წარმატებით აშენების გამოცდილება აქვთ. ეს არიან სპეციალისტები საქართველოდან, ლიტვიდან. უახლოეს ხანებში ჩვენთან, იუსტიციის სამინისტროში გვეყოლება სპეციალისტი რომელიმე ამ ქვეყნიდან", - აღნიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის კანდიდატურა განიხილება.

იგორ ბონდარჩუკის განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე ხუთი მოადგილიდან მხოლოდ ორია დანიშნული.

2 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.