სამართალდამცავი სტრუქტურების დემოკრატიულ რეფორმირებაზე "რესპუბლიკური პარტია" ფიქრობს, ამაში თანამონაწილეობას პარტნიორებს ვთავაზობთ და იმედი მაქვს, კოალიცია წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ერთიანად შესძლებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
კითხვაზე, მათი მხრიდან შსს-ს და პროკურატურის არსებული სისტემების კრიტიკის ფონზე, გეგმავს თუ არა ფრაქცია ძალოვანი უწყებების რეფორმირების მიმართულებით პარლამენტში სათანადო საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "იდეებით და კანონპროექტებით პირველ რიგში პარტნიორებს მიმართავენ".
"რესპუბლიკური პარტია" მის მიერ გაცხადებული პოზიციების ერთგულია. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი იდეებით და კანონპროექტებით პარტნიორებს მივმართავთ ხოლმე, ისევე როგორც მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით - ჩვენი კოალიციური პარტნიორები ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენს მიდგომებთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა მიდგომები აირჩიეს. სამართალდამცავი სტრუქტურების დემოკრატიულ რეფორმირებასთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტია" ბუნებრივია, ფიქრობს. ამაში თანამონაწილეობას პარტნიორებს ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ კოალიცია ერთიანად შესძლებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ შსს-ს სამინისტრო საშინაო საქმეთა სამინისტროდ უნდა შეიცვალოს, სპეცსამსახურები იქედან უნდა გავიდნენ. ამის განხორციელება არის კოალიციის ერთობლივი ვალდებულება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ამ ვალდებულების შესრულებაში კოალიციის სხვა სუბიექტები დავიამხანაგოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა.