საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ქართულ შეაიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
"ქართველი ოფიცრები მსახურობენ ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ისინი აგრძელებენ სამსახურს, იცავენ ქვეყანას. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ჩვენი შეაიარაღებული ძალების ოფიცერმა დატოვა სამსახური და გაემგზავრა სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
"ჩემი მთავრობის რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბოლო დღეებში უკრაინაში გაესაუბრნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, უკრაინელებმა უნდა მიიღონ საბოლოოდ გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ, ქართველების ამ ნაწილს აქვს ბევრი სხვა პრობლემა, ყველას არ შეუძლია, ერთბაშად ადგეს და გადაბარგდეს სხვა ქვეყანაში. უკრაინაში ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ საქართველოს მაგალითს და მათ აქვთ საქართველოზე ინფორმაციის ძალიან დიდი წყარო – ასობით ათასი უკრაინელი ტურისტი. მართალია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგზავნა დესანტი იქ, უკრაინაში საქართველოს ელჩი აორგანიზირებდა სხვადასხვა საეჭვო ქართველი მოღვაწეების პრესკონფერენციებს, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ, რომ პრესკონფერენციების დარბაზები ცარიელი იყო და მათ მიმართ ინტერესი ნულოვანი იყო", - განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა.