მიმდინარე საკადრო ცვლილებები არ არის დაკავშირებული რომელიმე ოჯახთან ან გვართან, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
თამარ სანიკიძე გამოეხმაურა რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საკადრო ცვლილებები თამაზ თამაზაშვილის გუნდის დაშლაა. მისი განცხადებით, იგი ცოტა უფრო კვალიფიციურ დასკვნებს მოელის, მით უფრო ექსპერტებისგან.
"საინტერესოა ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ ის არ არის უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე ოჯახთან, ან გვართან. ცვლილებები ნებისმიერ მთავრობაში და ორგანიზაციებში ყოველთვის მიმდინარეობს. თუ ეს ცვლილებები უკეთეს შედეგს გამოიტანს, რატომაც არა. მე ვფიქრობ, ყველაფერი მიმართულია, რომ სიტუაცია უფრო გაჯანსაღდეს, მმართველობაში ახალი სისხლი შემოვიდეს. ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები ამ პოლიტიკას ეყრდნობა და ამ მიზანს ისახავს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგეს, განათლების მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მისთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელია და ამაზე საუბარი არ ყოფილა.