იმედი აღარ მაქვს, რომ კოტე კუბლაშვილი რეფორმატორის მანტიით დატოვებს მართლმსაჯულების სისტემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი მისამართით უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
წულუკიანის განმარტებით, კოტე კუბლაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს აღიარება, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ კოტე კუბლაშვილი აგრძელებს ჩემი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდია, რომ არსებული პრობელმების და ხარვეზების აღიარება არ ხდება, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს ალბათ მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, მას კოტე კუბლაშვილთან სალაპარაკო არაფერი აქვს.
"კარგად მახსოვს, როდესაც მოვუწოდებდი, რეფორმებისთვის მხარი დაეჭირა და მოსამართლეების კვალიფიკაცია აემაღლებინა, ამბობდა, რომ ეს არის ჩემი ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს დასანანია. ისიც მახსოვს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს სთხოვა, დამიცავი იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც რეფორმებს მაიძულებსო. ამიტომ მე მასთან ნამდვილად არაფერი მაქვს სალაპარაკო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 6 დეკემბერს განაცხადა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი აბსოლუტურად სხვანაირად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას.
"როგორც კი წულუკიანი მინისტრად მოვიდა, მაშინვე მიანიშნებდა, რომ ის ცდილობდა მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას", - განაცხადა კუბლაშვილმა.