"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობას კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს.
როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, მათი ხედვები პარლამენტში შევა, რათა პარლამენტმა იმსჯელოს და რეზოლუციის სახით მიიღოს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკუთარ ხედვებს ექსპერტებს აცნობენ. მათი თქმით, ისინი ექსპერტების შენიშვნებს გაიზიარებენ.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მათ მიერ შემუშავებული ინიციატივები გულისხმობს ეკონომიკის განვითარების როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდს. მათივე ინფორმაციით, მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურება იგულისხმება.
"პირველ რიგში, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რადგან უკვე მეორე წელია საქართველოში ერთი და იგივე პრობლემა შეიქმნა. მთავრობამ უარი უნდა თქვას უაზრო ხარჯებზე და გაწიოს მხოლოდ აუცილებელი ხარჯები, რომ ეს არ დააწვეს ლარის კურსს. ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და შეეცადოს, რომ თუ კიდევ გაგრძელდა ლარის კურსის ვარდნა, ეს არ იყოს სწრაფი, რომ მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ლარის კურსი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის შესაცვლელია ის პოლიტიკა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ატარებდა ეს მთავრობა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი ხედვები მოიცავს იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. მისივე თქმით, ეს ხედვები არ შეეხება მარტო ლარის კურსს და მოიცავს მთლიანად ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.
"ჩვენ გვაქვს გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები თუ რა უნდა გაკეთდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, მათ შორის ლარის კურსის დასასტაბილურებლად. ასევე გაწერილი გავქვს გრძელვადიანი პერსპექტივა თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკის გასავითარებლად. ჩვენ ხედვებს წარვუდგენთ პარლამენტს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.