გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, ვინც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემა Die Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენმა აღმოსავლეთევროპელმა მეზობლებმა - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, რუსეთი კი სამივე ამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებულ რეგიონებში გაყინულ კონფლიქტებს.
გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ანგელა მერკელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების რუსეთზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებაში და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას დასავლეთ ბალკანეთში გავლენის მოსაპოვებლად აკეთებს.
"რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საერთო ევროპული პასუხი სწორი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ რუსეთს მოუწოდა, ნუ ჩაითრევს ბალკანურ ქვეყნებს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის უკრაინის კრიზისის გამო არსებულ დაძაბულობაში.