როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, შეიქმნება ფონდი, სადაც სტუდენტებს საკუთარი პროექტების წარდგენის საშუალება ექნებათ, მათგან წარმატებული კი დაფინასდება.
ამასთან, კალაძემ სტუდენტებს ფონდის სახელის შერჩევა სთხოვა და განაცხადა, რომ მისთვის სტუდენტების აზრი ძალიან მნისვნელოვანია.
„სტუდენტების ჩართულობა ენერგეტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ფონდის შექმნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ჩემთვის თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ფონდის საინტერესო იდეა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს სამინისტროს მუშაობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა და მათ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროელექტროსადგურების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა სტუდენტებს ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განმარტებებიც მისცა და განაცხადა, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის, რაც მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში დანადგარების გაუმართაობას უკავშირდება.
კახა კალაძის სტუდენტებთან შეხვედრას ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდნენ.