ხოფას ბაზრობაზე ხანძრის გამო ერთი ადამიანი დააკავეს

ხოფას ბაზრობაზე ხანძრის გამო ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, ე. წ ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ხუთი ადამიანის დაკითხვა. საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ პიროტექნიკის მაღაზიის მეპატრონე მალხაზ თებიძე, მისი ძმა და მამა, შემდუღებელი ზურაბ ზაქარიაძე და მისი დამხმარე რუსლან ქოთელიძე. 

როგორც მათმა ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა, რუსლან ქოთელიძე დააკავეს, ხოლო სხვა პირები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, მას არ მიეცა საშუალება, შეხვედროდა საქმის გამომძიებელს და გაცნობოდა მასალებს. 

მთავარ სამმართველოსთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ დაკითხვაზე მყოფების ახლობლები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. 

ხანძარი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გუშინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბაზრობაზე მომუშავე ცოლ-ქმარი, ხოლო 51 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხანძრის დროს 600 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიები დაიწვა.