გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ახლობელი - სამი წლის წინ 22 წლის ბიჭი დაეღუპათ ავარიით, ძალიან უბედურები იყვნენ

გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ახლობელი - სამი წლის წინ 22 წლის ბიჭი დაეღუპათ ავარიით, ძალიან უბედურები იყვნენ

ხოფას ბაზრობის მოვაჭრეები, რომლებსაც ნახევრად დამწვარი მაღაზიებიდან დაზიანებული საქონელი გაჰქონდათ, ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და გარდაცვლილების შესახებ საუბრობენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოვაჭრეები აცხადებენ, პიროტექნიკის მაღაზიის მფლობელმა მალხაზ თებიძემ გვერდით კიდევ ერთი მაღაზია დაიქირავა და რემონტს აკეთებდა. მოვაჭრეების თქმით, მეტალის შედუღებითი სამუშაოების დროს ნაპერწკალი გადავარდა თავისივე პიროტექნიკის მაღაზიაში, აფეთქდა ფოიერვერკები და გაჩნდა ხანძარი.

"თებიძეს ჰქონდა პიროტექნიკის მაღაზია მეხუთე რიგში. ამ მაღაზიის გვერდით მიამატა კიდევ ერთი მაღაზია და რემონტს ატარებდა, ადუღაბებდა. სამუშაოების დროს თავისივე პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდა ნაპერწკალი და გაჩნდა უზარმაზარი ხანძარი", - აცხადებენ მოვაჭრეები.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის დროს დაღუპული თემურ და ნანი რიჟვაძეები ბაზრობაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. რიჟვაძეების მეზობლად მდებარე ჯიხურში მომუშავე მოვაჭრე აცხადებს, რომ ფოიერვერკების აფეთქების დროს სექტორებში წითელი კვამლი დადგა და მხედველობა გართულდა.

"ცოლ-ქმარი მუშაობდა მეხუთე სექციაში, ტკბილეულის და სურსათის მაღაზია ჰქონდათ. აქვე ცხოვრობდნენ, რურუას ქუჩაზე. დაახლოებით 50-დან 60 წლამდე იყვნენ, თემური და ნანი რიჟვაძეები. სამი წლის წინ 22 წლის ბიჭი დაეღუპათ ავარიით, ძალიან უბედურები იყვნენ. არ ვიცი რატომ ვერ გამოაღწიეს, ალბათ კვამლმა აუბნია თავგზა, ან გული შეუწუხდათ, ან თანხის გამოსატანად შებრუნდნენ და ვეღარ გამოვიდნენ. ისეთი სიტუაცია იყო, ჯერ ყველა ვცდილობდით ჩაგვექრო ეს აალებული ხანძარი, ეს ფოიერვერკებიც წამდაუწუმ ფეთქდებოდა და სახეზე რომ მოხვედროდა ადამიანს, ალბათ მოკლავდა, ყველა გავრბი-გამოვრბოდით", - აღნიშნა მოვაჭრემ.

ხანძარი ე. წ ხოფას ბაზრობაზე გუშინ, შუადღის საათებში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოფას ბაზრობაზე 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული მაღაზიები დაიწვა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დაკითხეს. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.