"მაესტროს" წარმომადგენლებმა სპორტის სასახლესთან პატრული გამოიძახეს

ტელეკომპანია "მაესტროს" წარმომადგენლებმა სპორტის სასახლესთან პატრული გამოიძახეს, - ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა.

"არხის წარმომადგენელი, გენერალური დირექტორისგან ნდობამოცემული მე გახლავართ აქ. ტელეფონით ვესაუბრე ვინმე ლელას, რომელიც, როგორც მე ვიცი, არის ლეპსის პროდიუსერი და მან მე მითხრა, რომ იყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ჟურნალისტმა დასვა კითხვები და მითხრა, რომ სანამ ვინმე არ მოვაკითხავთ ჟურნალისტს, ის არ გამოუშვებს მას ოთახიდან. საბედნიეროდ, ჟურნალისტს კომუნიკაციის საშუალება შეზღუდული არ აქვს, ტელეფონით ვესაუბრები. ის არის დაცვის გარემოცვაში. მას სთხოვენ, რომ წაშალოს მასალა, რომელზეც რომ ვეკითხები, რა არის ასეთი წასაშლელი, მეუბნება, რომ არის სამი კითხვა ლეპსისთვის დასმული: პირველი უმტკივნეულო – როგორ მოგწონთ თბილისი; მეორე – როგორც ჩანს, შედარებით მტკივნეული, რომელიც მოიცავდა ასეთ კონტექსტს, რომ წინასწარი ინფორმაცია, რაც მის თაობაზე გავრცელდა, უხერხულობას ხომ არ უქმნის მას; და მესამეც რაღაც მსგავსი, რაზეც თვითონ მომღერალმა ძალიან მოკლედ უპასუხა, რომ არა. ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორები არიან თავისუფლებააღკვეთილები და მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში შეეშალათ ხელი", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მისივე თქმით, "მაესტრო" შეეცდება, რომ სამართლებრივ გზას დაადგეს, უკვე მიმართეს პატრულს და შეეცდებიან დაადგინონ, რა მიზნით მოხდა ეს ფაქტი.

"თუმცა ისიც ვიცი, რომ ჟურნალისტს უთხრეს, რომ ისიც და მისი პროდიუსერიც ამ თავხედობის გამო ტელეკომპანია "მაესტროს" დატოვებენ. არ ვიცი, ეს ვისი იმედით და ვისი ზურგით უთხრა მას პროდიუსერმა, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ტელეკომპანია "მაესტროში" არავის გავლენა არ ვრცელდება, მით უმეტეს ვინმე ლეპსის", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.