ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამი ადამიანი იკითხება

ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამი ადამიანი იკითხება

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა აჭარის მთავარ სამმართველოში სამი ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ აცნობა, მას დაკითხვაზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ისინი დაკავებულები არიან.

"მალხაზ თებიძე, რუსლან ქოთელიძე და ზურაბ ზაქარიაძე შინაგან საქმეთა აჭარის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებიან. 19:10 საათზე მოვედი სამმართველოსთან და არ მაძლევენ საშუალებას, რომ ვნახო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. გვეუბნებიან, რომ მოწმის სახით ვკითხავთო, მაგრამ მათი ნახვის საშუალება არ მეძლევა. ისინი ფაქტობრივად, დაკავებულები არიან. არ შეუძლიათ გადაადგილება და შენობიდან გამოსვლა", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.

ხანძარი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე შუადღის საათებში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოფას ბაზრობაზე 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული მაღაზიები დაიწვა.