ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან

ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.

"ჩემი მთავრობის რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბოლო დღეებში უკრაინაში გაესაუბრნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, უკრაინელებმა უნდა მიიღონ საბოლოოდ გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ, ქართველების ამ ნაწილს აქვს ბევრი სხვა პრობლემა, ყველას არ შეუძლია, ერთბაშად ადგეს და გადაბარგდეს სხვა ქვეყანაში. უკრაინაში ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ საქართველოს მაგალითს და მათ აქვთ საქართველოზე ინფორმაციის ძალიან დიდი წყარო – ასობით ათასი უკრაინელი ტურისტი. მართალია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგზავნა დესანტი იქ, უკრაინაში საქართველოს ელჩი აორგანიზირებდა სხვადასხვა საეჭვო ქართველი მოღვაწეების პრესკონფერენციებს, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ, რომ პრესკონფერენციების დარბაზები ცარიელი იყო და მათ მიმართ ინტერესი ნულოვანი იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "უკრაინაში საოცრად ბევრი თანამდებობის პირი გამოთქვამს სურვილს, ქართველი ჰყავდეს მოადგილედ, რომელიმე სამსახურის უფროსად ან მრჩევლად".

"უბრალოდ არც ამდენი ვართ ეს ქართველები, მით უმეტეს, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წარმომადგენლები, ამიტომ, ასე ადვილი არ არის. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომს, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.