გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ.

გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ. "სირცხვილის კორიდორის" გავლა უწევთ

სპორტის სასახლეში გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ. "სირცხვილის კორიდორის" გავლა უწევთ. სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გამართა. მათი თქმით, აპროტესტებენ ეროვნებით ქართველი პრორუსი მომღერლის კონცერტის გამართვას.

აქციის მონაწილეებმა სპორტის სასახლესთან მისასვლელ გზაზე ე.წ. "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს, სადაც გამვლელებს მოუწოდებენ, არ შევიდნენ კონცერტზე. ისინი კონცერტზე მისულებს ეგებებიან შეძახილით: "პუტინის მონებო".

პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალაა წარმოდგენილი. ასევე, აქვთ პლაკატები, წარწერით, რომლითაც კონცერტზე მისულებს ახსენებენ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კონცერტზე მისულებსა და აქციის მონაწილეებს შორის კორდონი აქვს მოწყობილი. "დღევანდელი აქციით კრემლის მიერ გამოგზავნილ თვალთმაქც სანახაობას ვაპროტესტებთ, რომელიც თვალთმაქცურ პოლიტიკაზეა გათვლილი. ჯერ ბომბებს გვესვრიან, შემდეგ მომღერლებს გვიგზავნიან, რათა ტაში დავუკრათ. ჩვენ გვსურს გავუგზავნოთ ხალხს გზავნილი, რომ მტრის ხრიკებს არ წამოეგონ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გრიგორი ლეპსის კონცერტი სპორტის სასახლეში 20.00 საათზეა დანიშნული.