როდესაც ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას, პასუხი უნდა აგოს მხოლოდ რუსმა ოლიგარქმა

როდესაც ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას, პასუხი უნდა აგოს მხოლოდ რუსმა ოლიგარქმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მომხრეა, როდესაც ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას, არ აგებინონ პასუხი არავის, გარდა რუსი ოლიგარქისა.

ექს-პრეზიდენტმა "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებთან შკყპე-ით ჩართვისას მედიისთვის განცხადება გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნების გეგმაზე ისაუბრა.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მიჰყვება თავის გეგმას, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ თავის ხელდასმულ თანამდებობის პირებს გააკეთებინა ყველაზე შავ-ბნელი საქმეები, დააჭერინა ხალხი, გააფუჭებინა საქართველოს საერთაშორისო და შიდა პოზიციები და ახლა უბრუნდება თავის პირველად გეგმას, რომ თითქოს ამაზე არაფერზე პასუხს არ აგებს და შეუძლია წყნარად და ღიად დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალურად. ყველაფერი, რაც გაფუჭდა ბოლო წლებში საქართველოში, იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივა. ივანიშვილმა მიაბა ქართული ეკონომიკა რუსულ ეკონომიკას, რუსეთის გაღატაკებასთან ერთად, საქართველოში შეიქმნა დიდი პრობლემები, რუსულ რუბლთან ერთად დაბლა მიდის ლარი. ივანიშვილმა გააჩერა სხვადასხვა პროექტები ეკონომიკის სამინისტროს, მარგველაშვილის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ დავით ნარმანიას ხელით. ეს ყველაფერი არის საქართველოს ეკონომიკაში არ შემოსული მილიარდობით ლარი. ჩვენ რეალური მილიარდების ნაცვლად შემოგვთავაზეს ივანიშვილის მითიური მილიარდები, რომელიც დარჩა იქ, სადაც ადრეც იყო – ივანიშვილის ჯიბეში. ამიტომ, ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, რომ ამათ შეაწმინდოს ხელი და თვითონ ბოლომდე აიღოს ხელში სადავეები, თავიდანვე უნდა განიმარტოს. ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ნორმები, რომლის მიხედვითაც მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა აგოს პასუხი ყველაფერზე. მე პირადად ვიქნებოდი მომხრე და გარანტია იმისა, რომ არც ერთ სხვა თანამდებობის პირს საქართველოში, იმ მომენტისთვის, როდესაც ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას, არ ვაგებინოთ პასუხი. საქართველოს არ აქვს შურისძიების დრო. ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ერთადერთი პირი – ის, ვინც იბარებდა პროკურორებს, ვინც იძლეოდა განკარგულებებს ეკონომიკის დანგრევის კუთხით, ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან მოუწოდა ყველა იმ პროკურორს და ეკონომიკის მესვეურს, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი იბარებს თავის სასახლეში და დავალებებს აძლევს, დოკუმენტურად ასახონ ეს ყოველივე, ვინაიდან დადგება მომენტი, როდესაც ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას და ამის საშუალება არ უნდა მიეცეს.