"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს

"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს. აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტური და ქვეყანას ევროპული არჩევნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს. ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება პარტიას კოალიციური თანამშრომლობისა და კოალიციური შეთანხმებების გზით აქვს დასახული. 

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება არის ის ორი მიჯნა, რომელმაც კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი ეტაპი უნდა გაამყაროს. ჩვენ ივნისის ბოლოდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" ადგილისა და როლის გამოკვეთის თაობაზე. აგვისტოს დასაწყისში გაიმართა ეროვნული კომიტეტი, შემდგომ სხვა ფორმატის ღონისძიებები და ოქტომბრის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ძალიან ვრცელი, ტევადი დოკუმენტით მიმართა. ჩვენი მიდგომების ნაწილი 28 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ კოალიციას ვთავაზობთ ახალ რეალობაში ქვეყნის ისეთი სისტემით მართვას, რომელიც დარჩენილ ორ წელიწადში მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, თვითმმართველობა შემოსავლებით, გამგებლების და საკრებულოების მეტი უფლებამოსილებები, საარჩევნო კოდექსი, საგარეო და უშიშროების პოლიტიკისადმი მეტი ადეკვატური მიდგომა და აგრარული რეფორმა – ძლიერი ფერმერი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა. 

მან აქვე დასძინა, რომ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკელებს აქვთ თავიანთი ხედვები, რაც გულისხმობს მეტ დემოკრატიას, მეტ ეფექტურობას კოალიციაში თანამშრომლობის და კოალიციური შეთანხმებების გზით.

აღნიშნული განცხადება დავით ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციის "დემოკრატიული მოდერნიზაციისათვის" დაწყების წინ გააკეთა. კონფერენციაზე განხლვის საგანია ის თემები, რომელთა მიმართაც "რესპუბლიკური პარტია" დემოკრატიული რეფორმების დაჩქარების საჭიროებას ხედავს. კონფერენცია მედიისთვის დახურულია.