"რესპუბლიკური პარტია" მმართველ კოალიციას რეფორმების დაჩქარებას სთავაზობს

"რესპუბლიკური პარტია" ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის მმართველ კოალიციას წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარებას სთავაზობს. გასატარებელი რეფორმების თემებზე პარტია კონფერენციას მართავს, სახელწოდებით "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის". 

პოლიტიკური დღის წესრიგი, კონსტიტუციური რეფორმა, საგარეო და უშიშროების პოლიტიკის გამოწვევბი, აგრარული პოლიტიკა – ეს ის თემებია, რომელზეც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დღევანდელ კონფერენციაზე იმსჯელებენ. 

კონფერენციის წინ პრესკონფერენცია გამართა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოალიციის ეფექტურობა და წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარება, ამ პროცესში კი "რესპუბლიკური პარტია" ორიენტირებულია თანამშრომლობის გზით კოალიციურ შეთანხმებებს მიაღწიოს. 

"დღევანდელი შეხვედრა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჯერ "რესპუბლიკურ პარტიაში" დაიწყო და შემდგომ კოალიციაში, მოგვიანებით კი საჯაროდ გავრცელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, კოალიციის ორწლიანი მმართველობის შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. პარტიაში ახალ გამოწვევებზე მსჯელობა დავიწყეთ. მიმდინარეობს მართვის ახალი მექანიზმების გაანალიზება. დემოკრატიული მოდერნიზაცია ჩვენი ევროპული არჩევანია, ხოლო ევროპული არჩევანი ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე გადის", - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს კოალიციის ფარგლებში განსაზღვრავს. კონფერენციაში მონაწილეობენ დავით უსუფაშივლი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა წარმომადგენლები. ღონისძიება მედიისთვის დახურულია.