ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.
სოზარ სუბარი ინტერესდება, რატომ არ საუბრობდა ირაკლი ალასანია ერთი თვის წინ იმ საკითხებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის მართვაზე, რომელზეც ახლა საუბრობს.
"ერთი თვის წინ რატომ ხმას არ იღებდა?! ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მის მიმართ ძალიან მძიმე კითხვები იყო. ეს კითხვები ჩემს მისამართით რომ დასმულიყო, არ ვიცი რას ვიზამდი. რატომ იქ არ სცემდა პასუხებს?! კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან?! ძალიან მძიმე კითხვები დაისვა მის მიმართ მთავრობის არაერთ სხდომაზე ბატონი ბიძინას მხრიდან და იქ უნდა გაეცა პასუხი", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანიამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა. "ბიძინა ივანიშვილი როდესაც მართავდა ქვეყანას, მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო უფრო მეტად ყოფილიყო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ჩემ სამინისტროში. ის არ ჩარეულა არა მხოლოდ მართვაში, არამედ არ ერეოდა მოადგილის დანიშვნაში და სხვა თანამდებობებზე დანიშვნაში. მისი მართვის სტილი არის ეს, რომ თუ განდობს სამინისტროს, უნდა მიხედო. აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ როდესაც ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი, დღეს იყენებს ამ ძალიან დიდ ავტორიტეტს, რომელიც მას აქვს?! ეს არ არის მისი მართვის სტილი, რაც ირაკლი ალასანიამ ძალიან კარგად იცის და ძალიან ცუდია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა სუბარმა.