ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით 75 ხმით გავიდა

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით 75 ხმით გავიდა

პარლამენტმა ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით 75 ხმით მიიღო. 75 მომხრე, 58 - წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგი. კვორუმი 68 ხმაა.

სწორედ ხმების ამ რაოდენობით გავიდა პაკეტის ფარგლებში წარდგენილი პირველი კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების განხორციელებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში ითვალისწინებს. ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის მიერ წარდგენილ პაკეტში კენჭი სულ ოთხ კანონპროექტს უნდა ეყაროს.

კენჭისყრის წინ გაიმართა რეგისტრაცია, რომლის დროსაც 134 დეპუტატი დარეგისტრირდა.

აღნიშნულ პაკეტის კენჭისყრის შემდეგ, კენჭისყრაზე ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა დგება.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა. ხმალაძის პროექტის თანახმად, ფარულ მოსმენაზე სასამართლოს შესაბამისი განჩინება კომუნიკაციების კომისიაში მივა და სწორედ ეს ორგანო, ელექტრონული გასაღების მეშვეობით გახსნის კომპანიასა და შს სამინისტროს შორის დამაკავშირებელ არხს. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პროცესის კონტროლის ვალდებულება დაეკისრება.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის და ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტები პარლამენტში განსახილველად ცალ-ცალკე კანონპროექტების სახით არის წარდგენილი და მათ მისაღებად დამსწრეთა უმრავლესობის ხმებია საჭირო.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს მხარს – უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი. ვახტანგ ხმალაძის პროექტს მხარდაჭერას უცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", უმრავლესობის ფრაქციებიდან ცალკეული დეპუტატები, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". მას ხმას აძლევს უმცირესობა.