ქუთაისში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისი გაიხსნა

ქუთაისში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისი გაიხსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაზა მეფარიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ლაბორატორიის, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისი საზეიმოდ გახსნეს.

ამიერიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მას სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს. ქუთაისის რეგიონული  სამსახური იმერეთში უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან და სხვ.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა რეგიონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რეგიონულ სამსახურებს არაერთი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი შეემატა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.

ახალი ოფისი ,,ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB)“ დახმარებით აშენდა.

გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ოთარ დანელიამ და ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს ,,კარწახის“, ,,ფოთის პორტისა“ და ,,სარფის (ადლია)“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გაუმჯობესების მხარდამჭერ მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო, CIB პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის   საზღვარზე ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობისა და დანადგარების შესყიდვასა და გადაცემას. აგრეთვე, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზრდის მიზნით შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.