საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში განახლებული საზღვაო აკადემიის  სასწავლო ცენტრი გახსნეს

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში განახლებული საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრი გახსნეს

გიორგი მარგველაშვილი და ანდრეს ბერზინში დღეს ბათუმში საზღვაო აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ლატვიის ეროვნული გმირის ადმირალ თეოდორ სპადეს მემორიალი გახსნეს, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის საზღვაო ფლოტი შექმნა.  საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ახალი სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და ერთ-ერთი სიმულატორი თავადაც გამოსცადეს.

გიორგი მარგველაშვილმა განახლებული საზღვაო აკადემიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და მთავრობას აკადემიის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ როგორ ვითარდება საზღვაო აკადემია. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის ინიციატივითაც განახლდა აკადემიის ინფრასტრუქტურა, ასევე აჭარის მთავრობას და არჩილ ხაბაძეს. ის დაფა, რომელიც მე და ლატვიის პრეზიდენტმა გავხსენით, მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე ლატვიელებისთვის. თეოდორ სპადე ლატვიისთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ლატვიელების საამაყო შვილი. ქართველი ერი მადლიერია იმ ღვაწლისთვის, რაც სპადემ საქართველოსთვის და მისი თავდაცვისუნარიანობისთვის გააკეთა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს მისი ინიციატივით ხორციელდებოდა ჩვენი პირველი საზღვაო სამხედრო ფლოტის მშენებლობა და ბუნებრივია, არასდროს ვივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სამსახურს უწევს ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის და ლატვიის საზღვაო აკადემიის რექტორებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.