დღევანდელი ხელისუფლება იმ ადამიანის დევნითაა დაკავებული, რომელმაც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნა

დღევანდელი ხელისუფლება იმ ადამიანის დევნითაა დაკავებული, რომელმაც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი მთავარი პროკურატურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გირგვლიანის საქმეზე ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი.

როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმ ადამიანის დევნითაა დაკავებული, რომელმაც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იზრუნა. უმცირესობის წევრის თქმით, ხელისუფლება მსგავსი ქმედებით ცდილობს, გადაფაროს ის მოვლენები, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

"აღარავინ ეჭვობს იმას, რომ ეს არის გაგრძელება, იმ პოლიტიკური ბრალეულობის, რომელიც დღეს ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ამ ორი წლის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ "ქართული ოცნება" გარკვეულ ნაბიჯებს დგამდეს ქვეყნის საკეთილდღეოდ, მათი მთავარი მიზანი არის ებრძოლონ იმ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ ქვეყანას აშენებდა, სამწუხაროა, რომ საქმე "ქართული ოცნების" არის ამ წარმატებისა და წინსვლის ჩამოშლა. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს ბრალი მცდელობაა იმისა, რომ გადაფარონ მოვლენები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" რუსი ოლიგარქის მეშვეობით ცდილობს რუსეთის ინტერესების დაცვას და არა საქართველოსი", - განაცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდების დადგენილება გამოიტანა.