გიორგი ვოლსკიმ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს მიულოცა, რომ

გიორგი ვოლსკიმ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს მიულოცა, რომ "მაგრად დგანან"

სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციისთვის უშველებელი რესურსია შექმნილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში, სადაც ფარულ მოსმენებთან წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ შიგნით ერთმანეთს ვამშვიდებთ. აგერ "რესპუბლიკელები", ჩვენი მეგობრები, გვამშვიდებენ, რომ არა უშავს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ისე აძლევს ამ კანონპროექტს ხმას, როგორც ჩვენ, მთავარია, სიმართლის მხარეს დავდგეთ. თვითონ იდეა არის საყურადღებო, რომ რა ხდება – ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ის, არის თუ არა მორალურად გამართლებული საერთოდ ამ თემაზე ვიმსჯელოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. როდესაც მათი წარმომადგენელი დგას ტრიბუნაზე და მაღალ "რეესტრში" საძაგლობებს ლაპარაკობს, ეგ არა უშავს, ჩვეულებრივი ამბავია, მიჩვეულები არიან, ხდება. ამდენი ხანი ხელისუფლებაში ყოფნამ იცის გარკვეულ თემებზე ძარღვის გაწყვეტა, უზრდელობაში გადასვლაც იცის. მეტ-ნაკლებად კაკოს [ბობოხიძე] აქვს ხოლმე დიპლომატიური ნაბიჯები, დამოუკიდებელი ადამიანის პლატფორმიდანაც რაღაცას გვმოძღვრავს, მაგრამ მთავარი საკითხი სულ სხვა რამეა – სახელმწიფო როგორ მიდის წინ. იყო თუ არა შს სამინისტრო, რბილად რომ ვთქვათ, შემჩნეული უკანონო საქმეებში. შემჩნეული კი არ იყო, ამაზე იყო აგებული მთელი სახელმწიფოს ხერხემალი და აქედან მიდიოდა მთელი მეტასტასები. იგივე იყო სასამართლოშიც, მაგრამ ამის გამო სასამართლოს ვერ გავაუქმებთ. გავანებოთ თავი ბნელ წარსულს, როგორც თავადაც მოგვიწოდებენ ხოლმე და გადმოვიდეთ დღევანდელ რეალობაში: არის ორი სისტემა შემოთავაზებული _ ერთი, რომელიც გულისხმობს აბსოლუტურად ამ საქმისთვის შეუსაბამო სტრუქტურის ჩართვას", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე შესაბამისი სისტემაა ის, რომელიც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულია კანონპროექტით, ხოლო ალტერნატიული წინადადება "შეიძლება, პროგრესულად დახატული, მაგრამ ტექნიკურად შეუსრულებელი ამოცანაა".

"აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ის, რაც წარმოადგინეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილმა, არის პრაგმატული, სწორი, კარგ სისტემაში მოქცეული სტრატეგია", - დასძინა ვოლსკიმ.

მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უნდობლობის დანერგვის მცდელობაზე და გაიხსენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების გადაზიდვის მთელი სისტემის აღმოჩენა კი არა, შს მინისტრ ჭიკაიძის მიერ ინფორმაციის მიწოდებისას ტერმინის არასწორად გამოყენება ყოფილა მთავარი ამბავი.

"უშველებელი რესურსი, რომელიც შეიქმნა, ჩართულია იმ პროპაგანდისტულ სისტემაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მოახდინოს. დამთავრდა, აქ მეტი არაფერზე არ არის მსჯელობა. დანარჩენი არის სახელმწიფოს მიმართ დარტყმა. უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი არმიის მობილიზება იყო ევროსაბჭოს რეზოლუციაში რომ ჩაედოთ, რომ საქართველო იმართება ერთი ოლიგარქის მიერ. ვერ ხედავთ, რომ ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ სახელმწიფო წარმოადგინონ როგორც სისტემა, რომელსაც არ შეიძლება დაეყრდნო და ენდო. გინდა 15 ნოემბერის აქცია, გინდა პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველი გამოსვლა ამისკენ არის მიმართული. ეს არის გასაგები და ამ სცენარის შუქზე ზუსტი დასკვნა უნდა გავაკეთოთ და დავუჭიროთ მხარი წესიერ, პროგრესულ ნორმალურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და კანონპროექტის ავტორებს - ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს მიულოცა, რომ "მაგრად დგანან".