არ ვიცი, რა უხილავმა ძალამ გააჩინა ის სურვილები კანონპროექტში, რასაც შსს გამოთქვამდა

არ ვიცი, რა უხილავმა ძალამ გააჩინა ის სურვილები კანონპროექტში, რასაც შსს გამოთქვამდა

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი იმ სტანდარტებთან გვაშორებს, რომლებიც აუცილებელია დაცული იქნეს თუ ჩვენ გვინდა მინიმუმამდე იყოს დასული უკანონო მოსმენები და თვალთვალი, - ამის შესახებ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტი რეგრესულია და "თავისუფალი დემოკრატები" მას მხარს არ დაუჭერენ.

"ის სტადარტები, რომლებიც მივიღეთ მთავრობასთან ერთად აგვისტოში, ამ კანონპროექტში დარღვევებით არის ჩუმ-ჩუმად შემოპარული. ეს პროექტი გვაშორებს იმ სტანდარტებთან, რომლებიც აუცილებელია დაცული იქნეს თუ ჩვენ გვინდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის განხორციელება. ეს პროექტი არის რეგრესული და ჩვენი ფრაქცია მას ხმას ამ მისცემს", - განახცადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით, შსს-ს როგორც ადრე ჰქონდა უფლება შეუზღუდავად ეკონტროლებინა მთელი ინტერნეტი და კომპიუტერული კომუნიკაცია, იგივე ექნება ახლაც.

"საუბარია, რომ ეს ორეტაპიანი, ორგასაღებიანი სისტემა მოქმედებს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე და არ მოქმედებს ინტერნეტკომუნიკაციისა და კომპიუტერული კომუნიკაციის კონტროლზე. გუშინ გვიპასუხეს, რომ ეს არის ხარვეზი და ერთნაირად გავრცელდება ეს კონტროლი. ეკა ბესელიამ დღეს გვითხრა, რომ გაიარეს კონსულტაცია და ეს ორგასაღებიანი სისტემა ვერ გავრცელდება ინტერნეტკომუნიკაციაზეც. გამოდის, რომ ფაქტობრივად მხოლოდ სატელეფონო საუბრებზე ვრცელდება ეს ორ ეტაპიანი სისტემა. ინტერნეტკომუნიკაცია, კომპიუტერული კომუნიკაცია რჩება ამ კონტროლის გარეშე. შესაბამისად, შსს-ს როგორც ადრე ჰქონდა უფლება მთელი ინტერნეტი და კომპიუტერული კომუნიკაცია ეკონტროლებინა შეუზღუდავად, იგივეს გვთავაზობს ეს კანონპროექტი", - აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით "ოტოს", რომელიც ფაქტობრივად ცალკე სუბიექტად ყალიბდება, შეუძლია შეუზღუდავად განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება.

"შემოთავაზებული კანონპროექტით მოხდა გაყოფა და "ოტოს" დაერქვა ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, ხოლო საგამოძიებო ორგანო მეორე კატეგორიად იქნა განსაზღვრული. არსებითად არასწორია ასეთი დაყოფა, რადგან "ოტო" არის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი და ის ფარულ საგამოძიებო მოქმედებას არ ახორციელებს. ფარული საგამოძიებო მოქმედება არის მიყურადება, მოსმენა, კონტროლი. "ოტო" ტექნიკურად ახორციელებს ამას და აძლევს საშუალებას შესაბამის საგამოძიებო ორგანოს განახორციელოს ფარული გამოძიება. დამებადა კითხვა თუ რად უნდოდათ ეს არასწორი დაყოფა. საერთაშორისო კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი, რომელიც მივიღეთ აგვისტოში, ვრცელდება საგამოძიებო ორგანოებზე, გარდა "ოტოსი", რომელსაც დაერქვა ფარული საგამოძიებო ოქმედების განმახორციელებელი ორგანო. ანუ "ოტოს" შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოიპოვოს ინფორმაცია. განსაკუთრებით კომპიუტერებთან დაკავშირებით მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს და შეუძლია დააგროვოს ეს ინფორმაცია, შეინახოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მიერვე მიღებულ კანონებს, რომლითაც განისაზღვრა პირთა წრე და ასევე ის, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაცია, რომელიც არ ეხევბა დანაშაულებროვ საქმიანობას, არ შეიძლება შენახული იქნეს და დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ეს პროექტი გვაშორებს იმ მიღწევას, რასაც მივაღწიეთ აგვისტოში და ასევე სტანდარტებსაც უარყოფს. ეს არის ძალიან სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი", - განახცადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, რა საკითხებსაც თავიდან იჩემებდა შსს, ის საკითხები დევს კანონპროექტში.

"როდესაც ამ კანონპროექტს ვკითხულობ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში შსს, პროკურატურა ისხდნენ სამუშაო მაგიდასთან. რა საკითხებსაც შსს თავიდანვე იჩემებდა და უნდოდათ რომ ეს შეგვენარჩუნებინა და დაგვეტოვებენა, ყველაფერია. არ ვიცი რა უხილავმა ძალამ გააჩინა ყველა ის სურვილები კანონპროექტში, რასაც შსს გამოთქვამდა", - აღნიშნა დეპუტატმა.