უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატალეფონო საუბარი შედგა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როგორც გამოცემა Insider-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას ახალი სამხედრო შეტევით დაემუქრა.
"რუსეთი ახალი შეტევით იმუქრება და სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებას ითხოვს, ასევე უკრაინის მიერ ნატო-სა და ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმას", - განუცხადა წყარომ გამოცემა Insider-ს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ბლოკის დეპუტატმა ირინა ფრიზმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინსა და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მუქარა გაისმა. უკრაინელმა დეპუტატმა ასევე უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ სატალეფონო საუბარს რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი ესწრებოდა.
"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ გუშინდელ სატელეფონო საუბარს არ ესწრებოდა ბატონი ზურაბოვი. ეს ინფორმაცია ისეთივე არასწორია, როგორც ის, რომ სუვერენული სახელმწიფოს მიმართ რაიმე სახის მუქარა გაისმა. 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პეტრო პოროშენკოსთან ერთად. შემიძლია დავადასტურო, რომ პეტრო პოროშენკო არასდროს მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მასთან საუბრისას ვინმემ აგრესიულ ან არაკონსტრუქციულ ტონს მიმართოს", - აღნიშნა პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატმა.