ივანიშვილს შემთხვევით არ უთქვამს, რომ მას თანაგუნდელებზე სექსუალური ხასიათის ჩანაწერები მიუტანეს

ივანიშვილს შემთხვევით არ უთქვამს, რომ მას თანაგუნდელებზე სექსუალური ხასიათის ჩანაწერები მიუტანეს

ბატონი ბიძინას ნათქვამი, რომ მას თანაგუნდელებზე სექსუალური ხასიათის ჩანაწერები მიუტანეს, შემთხვევითი არ იყო, - ამ განცხადებით აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს იყო განცხადება პრინციპით "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონე".

"ოპოზიციაში მთელი მოღვაწეობის დროს ამტკიცებდით, რომ ტოტალურად ვუსმენდით, ვძვრებოდით კომპიუტერებში, ლოგინებში. როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, მას მიუტანეს თავის თანაგუნდელებზე გადაღებული სექსუალური კომპრომატები. მინდა გითხრათ, რომ ეს ბატონ ბიძინას შემთხვევით სრულიად არ უთვქვამს. თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა და ამით სინამდვილეში "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეს" პრინციპით ძალიან გასაგებად უთხრა მას, ვისაც უთხრა, რომ ფლობს გარკვეულ ფარულ ინფორმაციებს. თან კაცი ამბობს, რომ ჭორაობა არ უყვარს და ასე საზიზღრად ჭორაობს, თუ როგორ დადიოდა ვიღაც დუბაიში, ვინ სად დადიოდა, ვინ ვის გაუღიმა. თავად იყო ინიციატორი, ჭორი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გავრცელებულიყო", - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის პლენარილ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას ბობოხიძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ემოციური გამოსვლა ექნებოდა. მან ეკა ბესელიას მიმართა, რომ ორივეს მაღალი რეგისტრის ხმა აქვთ და ერთმანეთს ხმამაღალი ხმებით ღლიან.

"მე, რა ვქნა, მე?" - ამ რეპლიკით გამოეპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკაკი ბობოხიძეს.

პარლამენტი ფარული მოსმენების "გასაღებზე" ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსაჯელობას განაგრძობს.