რუსეთმა აფხაზეთი დაიქვემდებარა: საქართველო აღშფოთებულია, დასავლეთი შეშფოთებულია

რუსეთმა აფხაზეთი დაიქვემდებარა: საქართველო აღშფოთებულია, დასავლეთი შეშფოთებულია

სტატიაში გადმოცემულია რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების ისტორია, მისი ძირითადი დებულებები, რუსული და აფხაზური მხარის დამოკიდებულება და სხვა საკითხები (ავტორი - რომან ტემნიკოვი).

გთავაზობთ ამონარიდს:

რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა - როგორც აფხაზური საზოგადოების შიგნით, ასევე სოხუმსა და მოსკოვს შორის. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტის ყველაზე თავდაპირველი ვარიანტი ხელმოსაწერად აფხაზეთის მაშინდელ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს როცა წაუდგინეს, მას ტექსტის შინაარსი კატეგორიულად არ მოეწონა იმ მიზეზით, რომ ზოგიერთი დებულება „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის შელახვა არისო: ფაქტობრივად, შავიზღვისპირა რესპუბლიკის უფლებები რუსეთის ფედერაციის სუბიექტის დონემდე მცირდებოდა, ხოლო აფხაზეთ-საქართველოს საზღვარი აფხაზეთ-რუსეთის საზღვრად უნდა ქცეულიყო... იზღუდებოდა აფხაზეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ფუნქციებიც - იქმნებოდა მათი საკონტროლო ორგანო რუსეთის ხელმძღვანელობით.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს არ მოეწონათ... საბოლოო ჯამში კრემლმა შეძლო აფხაზეთის ლიდერის წელში გატეხვა და ალექსანდრე ანქვაბი გადადგა, მის ნაცვლად კი პრეზიდენტად „მოსკოვის მორჩილი კაცი" - რაულ ხაჯიმბა იქნა არჩეული. უნდა აღინიშნოს, რომ იგი წინა წლებში რამდენჯერმე ცდილობდა პრეზიდენტად არჩევას, მაგრამ აფხაზები უპირატესობას მოსკოვის მიმართ შედარებით „ჯიუტ" კანდიდატებს - სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრე ანქვაბს აძლევდნენ. რა თქმა უნდა, როგორც კი რაულ ხაჯიმბა კრემლის დახმარებით პრეზიდენტი გახდა, იგი ხელშეკრულების ხელმოწერაზე დათანხმდა, თუმცა, მაინც მოითხოვა ტექსტში ზოგიერთი კოსმეტიკური ცვლილების შეტანა - აფხაზური საზოგადოების თავმოყვარეობისა და ზოგიერთი კრიტიკოსის დასაკმაყოფილებლად. ცვლილებები განხორციელდა: დებულებები უფრო რბილი გახდა, ტერმინები და სახელწოდებები შეიცვალა...

რასაკვირველია, მომხდარის თაობაზე შეიძლება ვთქვათ, რომ სოხუმმა გაიმარჯვა, მოსკოვმა კი დაუთმო, მაგრამ როგორც არ უნდა შეიცვალოს ტერმინები, ხელშეკრულების არსი მაინც იგივე დარჩა: რუსეთი, როგორც მეტროპოლია, აფხაზეთს მაინც აკონტროლებს და ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს - საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის.

საქართველომ მწვავე პროტესტი გამოხატა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების გამო და ვლადიმირ პუტინის ქმედება „საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად" მიიჩნია. თბილისმა დახმარება და რეაგირება დასავლეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან არაღიარებულ „სახელმწიფოსთან" ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთმა საკუთარ მხრებზე მძიმე ტვირთი აიკიდა, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, თანაც მოსკოვისთვის ასეთი საგრძნობი სანქციების ფონზე. გარდა ამისა, რუსეთისათვის ასევე მძიმე ტვირთია ყირიმის დაფინანსება, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დახმარება... რუსული რუბლის კურსი განუხრელად ეცემა, ეკონომიკაში სტაგნაციისა და რეცესიის სიმპტომები გაჩნდა... და მაინც მოსკოვმა ასეთი ნაბიჯი გადადგა. აშკარაა, რომ ვლადიმირ პუტინი აცნობიერებდა დასავლეთის ნეგატიურ რეაქციას - კრემლის აზრით, დასავლეთი რუსეთს ისედაც აკრიტიკებს და მეტი რაღა უნდა მოხდეს, ურთიერთობები მაინც გაფუჭებულია. განა უკეთესი არ იქნება ამ დაპირისპირებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, მის კავკასიურ პარტნიორს მეტი ზიანი მიაყენოს და დასავლეთს ამით სამაგიერო გადაუხადოს?

უეჭველია, რომ უახლოეს ხანებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, ესე იგი, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი მალე ხელს მოაწერს ანალოგიურ ხელშეკრულებას საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან".

http://www.kaspiy.az/news.php?id=19711